გაერო-ს უშიშროების საბჭომ გადადო კენჭისყრა რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ღაზაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. ამის მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ფორმულირებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. კერძოდ, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ „საომარი მოქმედებების შეწყვეტის“ შესახებ მითითებას მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა, შესაძლოა, დაეთანხმოს „საომარი მოქმედებების შეჩერების“ მოწოდებას. იმ არაბული ქვეყნების განცხადებით, რომლებიც რეზოლუციის ტექსტზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, წამახალისებელია იმის ხილვა, რომ თეთრი სახლი აშკარად ცდილობს იპოვოს ფორმულირება, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ვეტო გამოიყენოს, როგორც მან ეს 18 ოქტომბერსა და 9 დეკემბერს გააკეთა.