ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მინიმუმ 110 პალესტინელი დაიღუპა. საკითხთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. პარალელურად, როიტერის ინფორმაციით, ისრაელი და ჰამასი ახალი ზავისთვის მზად არიან. გამოცემა ინფორმაციას ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰამასი გასათავისუფლებელი მძევლების სიის და იმ ხაზის განსაზღვრას მოითხოვს, რომლის მიღმაც არმიამ ჯარი უნდა გაიყვანოს. მანამდე, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. გვირაბი აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით, მისი სიღრმე კი 50 მეტრამდეა. უწყების განცხადებით, ის „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება. პარალელურად, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გლობალურ მოწოდებებს აძლიერებენ. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა და ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი, ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა. მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი იმ ნაბიჯებსაც განიხილავს, რომლებსაც ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შესამცირებლად დგამს.