ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაზე სარაკეტო იერიშებს და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, პალესტინური მხარე მეტი დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას სურს, რომ ისრაელმა ყურადღება სამოქალაქო პირების გადარჩენაზე გაამახვილოს. მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა მიმდინარე ომი იყო. შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს „აბსოლუტურ გამარჯვებამდე“ გააგრძელებს. ნეთანიაჰუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მათ ღაზაში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელებაც განიხილეს.