ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. ღაზაში დაკავებული ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ, რატომ გადაწყვიტა ისრაელის ომის კაბინეტმა, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მძევლებთან დაკავშირებული ახალი მოლაპარაკებებისთვის კატარში არ გაეშვა. ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135 მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი - ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. კვლავ მძიმეა ვითარება ღაზას სექტორში. BBC წერს, რომ გასული ღამის განმავლობაში ღაზას სექტორის უმეტეს ტერიტორიაზე ძლიერი შტორმი იყო, რამაც კარვებში მცხოვრებ ათასობით პალესტინელს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. მედიის ცნობით, ამ დროისათვის მილიონზე მეტი პალესტინელი თავს რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკს აფარებს. ისრაელი-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 600 პალესტინელი ემსხვერპლა.