მომავალ წელს პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა იზრდება. პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს. მინისტრის თქმით, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს; სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, მინისტრის თქმით, 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები. იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ: უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე; უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე; უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე; უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე.