ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესის დსაწყებად მთავრობა ბიუჯეტიდან 70 მილიონ ლარს გამოყოფს, ხოლო აეროპორტების განვითარებისთვის 67 მილიონს. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში ანაკლიის პორტისა და აეროპორტების დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ მოცულობებზე ისაუბრა. მისი თქმით, უშუალოდ 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი, რაც მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, ეს კი პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2023 წელს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოიყო 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მთავრობას მოგეხსენებათ გამოცხადებული აქვს საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად მოხდება. რაც შეეხება აეროპორტების მშენებლობის მიმართულებას, 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება; თელავის აეროპორტის რეკონსტრუქციის დასრულება; დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.