* ‘’მოსადი’’: მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახური -
‘’სახელმწიფოს სტაბილურობის მთავარი გარანტია - დაზვერვის ძლიერი სამსახურია’’, - თვლიან ისრაელში, სადაც რამდენიმე ათწლეულის წინ შექმნილი ორგანიზაცია დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაზვერვის სამსახურად ითვლება მთელ მსოფლიოში.
* ‘’შაი’’ -
მართალია, დაზვერვის სამსახური ისრაელში სახელმწიფოდ გამოცხადებამდეც არსებობდა, მაგრამ უწყება, რომელიც ჯერ კიდევ 1929 წელს შეიქმნა ებრაული თავდაცვის სამხედრო ორგანიზაციის ‘’ჰაგანის’’ ფარგლებში და ‘’შაი’’-ს აბრევიატურით აღინიშნა, რაც ‘’შერუტ ედიოტს’’ანუ ‘’საინფორმაციო სამსახურს’’ ნიშნავდა, საკმაოდ შეზღუდული იყო მოქმედებაში, რადგან ერთის მხრივ, ისრაელის მომავალი მთავრობის ერთგვარი წინამორბედის ე.წ. ‘’ებრაული სააგენტოს’’ კონტროლით მოქმედებდა, მეორეს მხრივ, მის ფუნქციებში მხოლოდ პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარ რიგებში არაბთა გადაბირება შედიოდა.
* ‘’მოსადი’’ -
1948 წელს, სახელმწიფოებრიობის მოპოვების შემდეგ ისრაელში ახალი სპეცდანიშნულების სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ‘’ამანი’’ და ‘’შაბაკი’’ შეიქმნა. საკუთარი ორგანიზაცია, ე.წ. პოლიტიკური უწყება ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც მხოლოდ დაზვერვის ფუნქცია ეკისრებოდა. თუმცა, მუდმივ კონკურენციაში მყოფი სამსახურები, რომლებიც ყოველთვის დამოუკიდებლად, ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ, არასდროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს აზარალებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ქვეყნის მთავრობამ ამერიკული გამოცდილების გათვალისწინება და ერთიანი დაზვერვის სამსახურის შექმნა.
‘’მოსადის’’ სახელით ცნობილი უწყება 1951 წელს შეიქმნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დავიდ ბენ-გურიონის ხელმძღვანელობით და კოორდინაციის, დაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტები გააერთიანა, მისი ხელმძღანელობა კი, რეუვენ შილოაჰმა, მეტსახელად ‘’ბატონმა დაზვერვამ’’ აიღო საკუთარ თავზე.
* ‘’მოსადის’’ პირველი გამოცდილება -
მსოფლიო ავტორიტეტის მოპოვებამდე ‘’მოსადმა’’ საკმაოდ რთული გზა გაიარა და მხოლოდ წლების შემდეგ ჩამოყალიბდა მკაცრად ორგანიზებულ, ერთიან მექანიზმად. სხვათა შორის, საწყის ეტაპზე უწყებას საკუთარი ოპერატიული სამსახურიც არ ჰქონდა და 1957 წლამდე ისრაელის სხვა სპეცსამსახურებში ცდილობდა აგენტების მოძიებას.
1952 წელს რეუვენ შილოაჰმა, რომელსაც ეჭვი შეეპარა საკუთარ შესაძლებლობებში და ჩათვალა, რომ ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, თანამდებობიდან გადადგა, ‘’მოსადი’’ კი, ახალმა ხელმძღვანელმა ისერა ჰარელმა ჩაიბარა, რომლის დაუღალავი შრომის წყალობითაც ჩამოყალიბდა უწყება მაღალეფექტურ სადაზვერვო სტრუქტურად. სხვათა შორის, თავად ბენ-გურიონი დაზვერვის ახალ შეფს ‘’მემუნეს’’ ეძახდა, რაც ივრითიდან თარგმანში ‘’უსაზღვროდ პასუხისმგებელს’’ ნიშნავს, ამიტომ მის მიერ სპეცსამსახურის მართვის პერიოდს ‘’მემუნეს ეპოქა’’ ეწოდა.
* რეფორმები -
მართალია, ჰარელმა ისრაელის დაზვერვის სამსახურის სრულად გამართვა შეძლო, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტს პრემიერ-მინისტრთან მაინც ვერ დააღწია თავი, რომელსაც უსაზღვრო პატივისცემის მიუხედავად, მაინც ყოველთვის ირონიით მოიხსენიებდა ‘’მოხუც ბერიკაცად’’. კონფლიქტის შედეგად ჰარელი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა, მისი ადგილი კი, სამხედრო დაზვერვის უწყების ყოფილმა დირექტორმა მეირ ამიტმა დაიკავა.
ახალმა ხელმძღვანელმა ახალი წესრიგი დაამყარა და რეფორმების გატარებაც საკუთარ თავზე აიღო. სწორედ მას დაევალა ‘’მოსადის’’ საკადრო შემადგენლობის გადახედვა და გადახალისება, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი და პირველ რიგში ის თანამშრომლები დაითხოვა სამსახურიდან, ვინც მის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, მერე კი, უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები დანერგა და სტრატეგიული დაგეგმვის ახალი მეთოდები შეიმუშავა.
სწორედ ამიტის მიერ რეფორმირებული ‘’მოსადის’’ წარმატებულ ოპერაციათა რიცხვს მიეკუთვნება მოწინააღმდეგეზე ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება 1967 წლის ექვსდღიანი ომის წინ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ებრაულ მხარეს არაბთა კოალიციაზე გამარჯვების მოპოვებაში, რომელიც რიცხობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ისრაელის სამხედრო ძალებს.
თუმცა, წარმატებას ყოველთვის მარცხი მოსდევს და არც ‘’მოსადი’’ აღმოჩნდა გამონაკლისი. სპეცსამსახურმა მარცხიც მრავლად იწვნია და ხმაურიანი სკანდალებიც გამოცადა საკუთარ თავზე, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი 1965 წელს პარიზში, მაროკოელი პოლიტიკოსის ალ-მახდი ბენ-ბარკას გატაცება აღმოჩნდა. ინციდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის რისხვა გამოიწვია, რომელმაც საკუთარი უკმაყოფილება ისრაელის პრემიერ-მინისტრს ლევი ეშკოლს გაუზიარა. საბოლოოდ სკანდალს მხოლოდ მეირ ამიტი ემსხვერპლა, რომელიც არც მანამდე მოსდიოდა თვალში ეშკოლს, რადგან მას სპეცსამსახურის სათავეში ყოველთვის დამყოლი და ადვილად მართული ხელმძღვანელის ხილვა სურდა.
* ‘’მოსადის’’ განვითარება -
‘’მოსადის’’ ახალი ხელმძღვანელი ცვი ზამირი გახდა. მართალია, მანამდე სპეცსამსახური მხოლოდ იმ ქვეყნებში აწარმოებდა დაზვერვით სამუშაოებს, რომლებიც საომარი მოქმედებებით ემუქრებოდნენ ისრაელს, მაგრამ ზამირის ხელმძღვანელობის დროს მისი პრიორიტეტები შეიცვალა და მთავარ მიზნად ებრაელების მიმართ მტრულად განწყობილი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა იქცა.
ძალების ამგვარი გადაჯგუფება განსაკუთრებით 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გახდა აქტუალური, თუმცა ტერორიზმთან ბრძოლაში ჩაბმული ისრაელი აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ომისთვის, რომელიც 1973 წელს გამოუცხადა არაბული ქვეყნების კოალიციამ. მართალია, გამარჯვება საბოლოოდ მაინც ისრაელმა მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ცოცხალი ძალის სერიოზული დანაკარგის ხარჯზე, რამაც მორიგი ცვლილებები გამოიწვია სპეცსამსახურში.
‘’მოსადის’’ ახალმა შეფმა იცხაკ ხოფიმ მთავარ სამიზნედ ირანი აირჩია თავისი ბირთვული პროგრამით და წარმატებითაც გაართვა თავი დასახულ მისიას, თუმცა საკმაოდ მძიმე ხასიათის პატრონი, 1982 წელს იძულებული გახდა თავად ეთქვა უარი მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე.
მომდევნო ათწლეულებში ‘’მოსადს’’ ჯერ ნაუმ ადმონი და შაბტაი შავიტი მეთაურობდნენ, მერე კი, დანი იატომი და ეფრაიმ გალევი. ამ პერიოდის ყველაზე წარმატებულ ოპერაციად 1988 წელს, ფატხის ერთ-ერთი ლიდერის აბუ ჯიჰადის ლიკვიდაცია შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა გასული საუკუნის ბოლოს სპეცსამსახურს მარცხი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე გამარჯვება, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია მისი მანამდე უნაკლო რეპუტაცია.
* ‘’მოსადი’’ 21-ე საუკუნეში -
2002 წელს სპეცსამსახურს სათავეში მეირ დოგანი ჩაუდგა, რომელმაც მეტად თამამი განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ ‘’მოსადს’’ პირველ რიგში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ კონკრეტული ოპერაციები უნდა განეხორციელებინა’’ და მორიგი რეფორმების გატარებას შეუდგა.
მართალია, დოგანმა რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაცია მოახერხა, რაც მის წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ დიდი ხნით მაინც ვერ შეძლო პოსტის შეინარჩუნა. 2011 წელს პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს გადაწყვეტილებით ‘’მოსადი’’ ტამირ პარდომ ჩაიბარა, რომელმაც წინამორბედის გზა გააგრძელა, თუმცა სერიოზული საკადრო ცვლილებებით.
* სახელწოდება და დევიზი -
ბევრი ინტერესდება რას ნიშნავს სიტყვა ‘’მოსადი’’. სინამდვილეში აბრევიატურას, არც საიდუმლო დატვირთვა აქვს, არც განსაკუთრებული მნიშვნელობა და მხოლოდ ‘’დაზვერვისა და სპეციალურ დავალებათა უწყებას’’ ნიშნავს, მისი ცნობილი დევიზი: ‘’მზრუნველობას მოკლებული ხალხი მარცხდება, მრავალი მრჩევლის პატრონი ერი კი, ნეტარებაში ცხოვრობს’’ - სოლომონის წიგნის ერთ-ერთი იგავიდანაა და თანამედროვე ინტერპრეტაციით ‘’ინფორმირება - სახელმწიფოს წარმატებული არსებობის საწინდარია’’ გულისხმობს.
* ‘’მოსადის’’ სტრუქტურა და ძირითადი ამოცანები -
ისრაელის დაზვერვის სამსახურის ძირითად ამოცანას აგენტურული ქსელის წყალობით ქვეყნის საზღვრებს გარეთ ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და უცხოეთში სპეცოპერაციების ჩატარება წარმოადგენს.
‘’მოსადს’’ სათავეში დირექტორი უდგას, რომლის დაქვემდებარებაში სპეცსამსახურის ძირითადი საქმიანობის მიხედვით დაყოფილი ათი სამმართველოს ხელმძღვანელი ირიცხება. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სპეციფიკის მიუხედავად, ‘’მოსადი’’ არა სამხედრო სტრუქტურა, არამედ სახელმწიფო სამოქალაქო ორგანიზაციაა და სწორედ ამიტომ არ ჰყავს სამხედრო ჩინოვნიკები. თუმცა, ხელმძღვანელობის მსგავსად, რიგით თანამშრომელთა უმეტესობამაც საკმაოდ სოლიდური სამხედრო გამოცდილების შეძენა მოახერხა.
* ‘’მოსადის’’ ყველაზე ცნობილი ოპერაციები -
პირველი ოპერაცია, რომლითაც ‘’მოსადმა’’ გააცნო თავი სამყაროს - მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა გენოციდში ბრალდებული ადოლფ ეიხმანის არგენტინიდან გატაცება გახდა. ცნობილი ნაცისტი ისრაელში გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ‘’მოსადმა’’ კი, პირველად დაადასტურა ოფიციალურად ოპერაციის ხელმძღვანელობა.
საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა 1962-1963 წლებში განხორციელებული სპეცოპერაცია ‘’დამოკლეს მახვილი’’, რომლის მთავარ მიზანს ეგვიპტის ბალისტიკური იარაღის შემუშავებაში მონაწილე მეცნიერების ლიკვიდაცია წარმოადგენდა.
მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, 1972-1992 წლებში კოდური სახელწოდებით ‘’ღვთის რისხვა’’ ‘’მოსადმა’’ მთელი რიგი სპეცოპერაციები ჩაატარა და ტერორისტული ორგანიზაციის ‘’შავი სექტემბრის’’ თითქმის ყველა ლიდერის განადგურებით იძუა შური დაღუპულ ებრაელ სპორტსმენებზე.
1973 წელს მორიგი ოპერაცია ‘’ახალგაზრდობის გაზაფხული’’ განხორციელდა ბეირუთში, რასაც ‘’პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის’’ შტაბ-ბინაში შეკრებილი არაბული ექსტრემისტული დაჯგუფების 50-მდე წევრის ლიკვიდაცია მოჰყვა, თავად ებრაული სპეცსამსახურის რიგებში კი, დანაკარგი მინიმალური აღმოჩნდა და მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა.
მართალია, ხმაურიან ოპერაციად იქცა, 2010 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ექსტრემისტული დაჯგუფების ჰამასის ლიდერის მაჰმუდ ალ-მაბჰუჰას განადგურება, მაგრამ, ისრაელის სპეცსამსახური დღემდე არ ადასტურებს ოპერაციაში მონაწილეობას.
* დაზვერვის სხვა სამსახურები -
რა თქმა უნდა, ‘’მოსადი’’ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, თუმცა არა ერთადერთი სპეცსამსახურია, რადგან 1948 წელს ისრაელში კიდევ ერთი უწყება ‘’შაბაკი’’ შეიქმნა, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლების მსგავსად დღესაც წარმატებით ახორციელებს კონტრდაზვერვას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქვეყნის ტერიტორიაზე, იმავე წელს ფორმირებული ‘’ამანის’’ მთავარ მიზანს კი, სამხედრო დაზვერვა წარმოადგენს. სწორედ ‘’ამანი’’ ‘’მოსადთან’’ და ‘’შაბაკთან’’ ერთად ქმნის ისრაელის უმსხვილეს და უძლიერეს სადაზვერვო სტრუქტურას.