* მობი
თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მრავალმხრივმა მუსიკოსმა მობიმ თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა მუშაობა, რადგან კარიერა ჰარდკორ-პანკ ჯგუფში The Vatican Commandos-ში დაიწყო, საიდანაც პანკ-კოლექტივში Flipper-ში გადაინაცვლა, 1990-იანი წლების დასაწყისში კი, ნიუ-იორკში გაემგზავრა და იმ პერიოდისთვის სრულიად ახალ მიმდინარეობას - ჰაუს-კულტურას შეუერთდა. ამასთანავე, მობიმ 120-ზე მეტი ფილმისთვის, სერიალისა და სარეკლამო რგოლისთვის შექმნა მუსიკა.
აღსანიშნავია, რომ მობიმ, რომლის ალბომები ყოველთვის ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, როკის, ფოლკის, გოსპელისა და პოპ-მუსიკის ელემენტების მიქსით გამოირჩევა, პრაქტიკულად კარიერის დებიუტშივე შეძლო მელომანების დაინტერესება საკუთარი შემოქმედებით და არა მხოლოდ თაობის საუკეთესო შემსრულებელი გახდა, არამედ ‘’ყველაზე ნიჭიერი და მრავალფეროვანი მუსიკოსის’’ ტიტულიც დაიმსახურა ელექტრონული მუსიკის ისტორიაში.
* * *
რიჩარდ მელვილ ჰოლი 1965 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ნიუ-იორკის ჩრდილოეთ რაიონში - ჰარლემში, რომელიც მეტწილად შავკანიანებით იყო დასახლებული, თუმცა მამის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დედასთან ერთად კონექტიკუტის პატარა ქალაქ დერიენში გადაბარგდა, სადაც პირველად დაინტერესდა მუსიკით. მოზარდმა რიჩარდმა, ჯერ გიტარაზე ისწავლა დაკვრა, მერე სკოლის როკ-ჯგუფს შეუერთდა, რომელიც სამი თვის შემდეგ დაიშალა.
არ გაამართლა არც პანკ-ჯგუფში Vatican Commandos-ში მუზიცირებამ, რომელიც 1982 შეიქმნა, მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვა და ისიც დაიშალა. დამწყებ მუსიკოსებს საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ, რადგან გამოუცდელობისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ფონზე ამბიციები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ჯგუფის წარმატება.
Vatican Commandos-ის წარუმატებლობის შემდეგ რიჩარდი პანკ-ჯგუფს Flipper-ს შეუერთდა, თუმცა მხოლოდ ორი წლით, სანამ კოლექტივის ლიდერი ფრედ შატერი ციხეში იხდიდა სასჯელს. მართალია, ჰოლი, რომელიც ყველა სიმღერას კარგად იცნობდა მხოლოდ ვოკალისტის შემცვლელად მიიწვიეს ჯგუფის წევრებმა, მაგრამ სწორედ Flipper-ის შემადგენლობაში დახვეწა გიტარაზე დაკვრა და რამდენიმე სხვა ინსტრუმენტიც აითვისა დრამის ჩათვლით.
1980-იანი წლების ბოლოს ელექტრონული მუსიკით გატაცებული რიჩარდი ნიუ-იორკში დაბრუნდა, რომელიც სწორედ იმ პერიოდში იქცა სრულიად ახალი მიმდინარეობის - ჰაუს-კულტურის მსოფლიო ცენტრად. მართალია, ახალბედა მუსიკოსი ჯერ მხოლოდ ეცნობოდა მუსიკის სამყაროს, მაგრამ ღამის კლუბების ხშირი სტუმრობით, სადაც პირველად აღმოჩნდა დიჯეის პულტთან, ისე აღფრთოვანდა ახალი შესაძლებლობებით რომ რამდენიმე კომპოზიცია შექმნა და პოპულარობაც სწრაფად მოიპოვა, 1991 წელს სინგლის Go-ს ჩაწერის შემდეგ კი, რომელიც ჯერ ცნობილი სერიალის ‘’ტვინ პიქსის’’ საუნდთრეკში, მერე კი, ბრიტანული ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა, რიჩარდმა სახელის შეიცვალა გადაწყვიტა და ბევრად ჟღერადი ფსევდონიმი მოირგო, რომელსაც ცნობილ წინაპარს, ამერიკელ მწერალს ჰერმან მელვილს და მის რომანს ‘’მობი დიკს’’ დაესესხა.
* * *
1993 წელს მობი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა კომპოზიციის I Feel It / Thousand-ის წყალობით, რომელიც ყველაზე სწრაფ თრეკად დასახელდა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. არნახული წარმატება და პუბლიკის აღიარება მოუტანა მუსიკოსს 1999 წელს გამოსულმა მეხუთე სტუდიურმა ალბომმაც Play, რომელიც კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ალბომად დაასახელეს.
ალბომმა რამდენიმე წლით შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია მსოფლიო ჩარტებში და არა მხოლოდ მობის მოუტანა კომერციული წარმატება, არამედ საცეკვაო მუსიკის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი, რომელიც ნაკლები აქტუალურობით სარგებლობდა იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ Play-ს წარმატება და პლატინის სტატუსი 25 ქვეყანაში, პირველ რიგში იმ ფილმებმა და სარეკლამო რგოლებმა განსაზღვრეს, რომელთა მუსიკალურ გაფორმებად სწორედ ალბომში თავმოყრილი კომპოზიციები იქცა. სხვათა შორის, Play პირველი ალბომია მუსიკის ისტორიაში, რომლის აბსოლუტურად ყველა კომპოზიციამ მიიღო კინოში, რეკლამასა და ტელეშოუში გამოყენების ლიცენზია.
1996 წელს, როცა მუსიკოსმა ჩათვალა, რომ ვერც პუბლიკამ, ვერც კრიტიკამ შეძლო მისი ადრეული ნამუშევრების ჯეროვნად შეფასება, კიდევ ერთხელ სცადა პანკ-როკის ჟანრში შესაძლებლობების მოსინჯვა და ალბომი Animal Rights გამოუშვა, თუმცა მისმა მცდელობამ არც ამ შემთხვევაში გაამართლა, რადგან კომპოზიციები ჰარდროკ-პანკისა და ელექტრონული მუსკის ელემენტებით, ზედმეტად უხეში, თითქოს ზერელე გამოვიდა. მეტიც, მობის მენეჯერის ერიკ ჰარლეს განცხადებით, ‘’მუსიკოსი ბეწვზე გადაურჩა კრახს, რადგან ექსპერიმენტი იმდენად მარცხიანი აღმოჩნდა, რომ კინაღამ მთელი მისი კარიერა შეიწირა ყველა მიღწევასთან ერთად’’.
მობის ალბომების მთავარ უპირატესობად და ორიგინალურ თავისებურებად, მუსიკოსის მოკლე ესეები იქცა, რომლებშიც აქტუალურ თემებზე, მათ შორის რელიგიის, გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესს განიხილავს და ალბომის ერთგვარი დანართის სახით ცდილობს საკუთარი ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის პუბლიკისთვის გაზიარებას.
* * *
სხვათა შორის, მობი თავგამოდებული ვეგეტარიანელია. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება მუსიკოსმა 1980-იან წლებში გადაწყვიტა, როცა მისივე განცხადებით ენერგიის საოცარი მოზღვავება იგრძნო მეგობრის რესტორანში მირთმეული სალათის შემდეგ და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ კერძი ჩვეულებრივი, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულით მომზადდა.
მუსიკოსი არა მხოლოდ ცხოველური საკვების მიღებაზე ამბობს უარს, არამედ ცხოველებსაც აქტიურად იცავს. მეტიც, 2003 წელს სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ‘’დედამიწელები’’, რომელშიც ავტორებმა ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და მათ მასიურ განადგურებაზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ფონად ფილმს თავად მობის მუსიკა დაედო, რომელიც მისთვის განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა, რადგან სწორედ მუსიკით სცადა საკუთარი ემოციების გადმოცემა. თავად მობის საყვარელი ცხოველი ბაყაყი და სალამანდრა აღმოჩნდა, რომელთაც არა მხოლოდ ადამიანი, არამედ გლობალური დათბობაც გადაშენებით ემუქრება. ცხოველების პარალელურად მობი პატიმართა უფლებებისთვისაც თავგამოდებით იბრძვის და ხმამაღლა მოითხოვს რეფორმებს სასამართლო, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროში.