რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, წინასწარი ინფორმაციით, მათ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა. ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დნეპრის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი, ბავშვთა საავადმყოფო, გზის სავალი ნაწილი და წყალმომარაგების ქსელი დააზიანა.
მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 34 დაშავებულის შესახებ. აქედან 15, მათ შორის 2 ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე დახმარება კი 19-მა ადამიანმა მიიღო.
ამასთან, რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა დესნიანსკის რაიონშიც, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხანძარი გამოიწვია. ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.