ჟენევის პროცესის ფარგლებში, ყველა შეხვედრაზე ქართული მხარე აგრესიულ რიტორიკას მიმართავს, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე აგრესიის ხარისხი შემცირებული იყო, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა.
„ზოგადად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს პრაგმატული ხაზი, თავიდან აიცილოს ესკალაცია და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ თავდასხმებს თავს არიდებს“, - განაცხადა კოჩიევმა.
თუმცა, მისი თქმით, სხვა ქვეყნებიდან - უკრაინიდან, დასავლეთიდან, არის მოწოდებები, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ.
„არის მსგავსი განცხადებები ქართული ოპოზიციის მხრიდანაც. საბედნიეროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით თავშეკავებულად იქცევა. თუმცა, ბევრი სირთულე გვაქვს გასათვალისწინებელი. ვიცით, რომ საქართველო აგრძელებს სამხედრო გაძლიერებას, ვხედავთ ნატო-ს მზარდ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე, გვესმის ცნობები ნატოს წვრთნების შესახებ დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალის მონაწილეობით, რაც გასაგებ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა კოჩიევმა.