ე.წ. ერთპროცენტიანმა პარტიებმა სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა ვეღარ მიიღონ. პარლამენტში ინიცირებულია “გირჩის“ პროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის პარტია მიიღებს, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონით, ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. “გირჩი“ აღნიშნული წესის შეცვალასა და პარტიების დაფინანსების კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო ბარიერთან მიბმას ითხოვს. როგორც “გირჩი“ განმარტავს, მათი კანონპროექტის გათვალისწინებით, საბიუჯეტო დაფინანსებას მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი. პოლიტიკა აკეთოს. კნონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტიდან ისეთი პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა, რაც დანაშაულის კატეგორიაში გადის. „თუ პარტია პოლიტიკურ დღის წერიგში არ მონაწილეობს, პოლიტიკური პოზიციები არ გააჩნია და არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, მისი თვითმიზანია გადალახოს 1%-იანი ბარიერი და დაფინანსება მიიღოს, ეს კი პოლიტიკურ სპექტრში არასწორ მოტივებს აჩენს.“- აცხადებენ ინიციატივის ავტორები და ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს პატარა პარტიების, რომლებსაც პოლიტიკაში ყოფნის სურვილი აქვთ, დიდ პარტიებთან კონსოლიდაციას.