9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა. გალთ & თაგარტის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მიმდინარე წლის 9 თვეში წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 185 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ლოჯისტიკური სერვისებისა და მგზავრთა გადაყვანით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯამური შემოსავლების 67.5%-ს შეადგენს, წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა. ამავდროულად მნიშვნელოვნად, 30.6%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯებიც , რაც ძირითადად ხელფასების თითქმის 40%-იან ზრდას უკავშირდება. ხარჯების ზრდამ კომპანიის ეფექტიანად მუშაობის შეფასების მაჩვენებლის წლიურად 15-იანი კლება გამოიწვია. ეს არის კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგება, სანამ ამ მოგებას გამოაკლდება ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია. 2023 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 5.9%-ით შემცირდა და 10.3 მლნ ტონა შეადგინა, რაც ნაწილობრივ გასული წლის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. ჯამური მოცულობის კლება მშრალი ტვირთების 11.4%-იანმა შემცირებამაც განაპირობა, რომლის წილიც მთლიანი ტვირთების 63.9%-ს შეადგენს. ამავდროულად, თხევადი ტვირთები წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 3.7 მლნ ტონა შეადგინა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა შემცირება მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებაში. კვლევითი ორგანზიაციის მოლოდინით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 245 მლნ დოლარს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 მლნ ტონას მიაღწევს.