მინდა, მთელი ჩვენი ქვეყნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად ვთქვა: - არც ერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება, - აღნიშნული განცხადებით დაიწყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძე თემურ კარბაიას მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარს “საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული“ აქტი უწოდა.
“დადგება დრო, როცა ყველას, ვისაც დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი - მით უფრო ისეთ მძიმე დანაშაულში, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება - არც ერთი ასეთი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე იქნება! თითოეული ჩვენგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთის მხრივ ეს დაუსჯელი არ დარჩეს და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მეტად იყოს ასეთი ბარბაროსული აქტები პრევენცირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე რეზოლუციის პროექტის განხილვის წინადადებით გამოვიდა, რომელიც ოპოზიციამ სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოამზადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარლამენტის რეზოლუციის ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც გინტურის, ასევე თემურ კარბაია მკვლელობის ფაქტების შეფასება და დაგმობა.
სარჯველაძემ დეკანოიძის შეთავაზება არ გაიზიარა და კოლეგის პასუხად აღნიშნა, რომ “არ შეიძლება დაგმობისა და შეურიგებლობის საზომად რეზოლუციის ტექსტი გამოვიყენოთ“. სარჯველაძის თქმით, არსებულ მდგომარეობას ძალიან ფრთხილი და სიფრთხილესთან ერთად, მტკიცე პოზიციის ქონა სჭირდება.
„ასეთ შემთხვევაში სხვა მიდგომებით ხელმძღვანელობა უფრო მართებული იქნებოდა. რეზოლუციის ტექსტის განხილვა-არგანხილვა - მათ შორის, რომელიც ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება - სხვა კონტექსტში განსახილველი საკითხია. საკითხის კომიტეტზე გატანას წინ პოლიტიკურ გუნდში კონსულტაციები უძღვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთ თემებთან დაკავშირებით ვცდილობთ თავი შევიკავოთ ასეთი პოზიციის გაზიარებისგან, რადგან მას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები უძღვის და ეს საკმაოდ უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ დეკანოიძის პასუხად.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.