გლობალური ვაჭრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. გასულ წელს კი, გლობალური იმპორტის ღირებულებამ 25.6 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების თანახმად, გლობალური იმპორტის დაახლოებით24%-ს მსოფლიოში ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, აშშ და ჩინეთი აკონტროლებენ. მათგან ლიდერი კი აშშ-ია. რაც შეეხება ჩინეთს, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ტაივანია, რომლისგანაც ძირითადად ელექტრონიკის პროდუქტებსა და ნახევარგამტარებს ყიდულობს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩინეთ-ტაივანის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ რთულია, რაც სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტის მოულოდნელად აკრძალვაში გამოიხატება. რიგით მე-3 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში, გერმანიაა. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობს, მართალია მონაცემები 2024 წლამდე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე აზიასა და ევროპაში გლობალური იმპორტის მოცულობა 1.2%-მდე არის შემცირებული. ეს მოცემულობა კი, ნაწილობრივ მწარმოებელ ეკონომიკაში მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. გარდა ამისა, ვაჭრობის ნაკადზე გავლენას სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ახდენს, როგორიცაა, სუბსიდიები, ექსპორტის აკრძალვები და სხვადასხვა საკანონმდებლო პოლიტიკა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის კვლევიდან დგინდება, რომ მსოფლიოს ეკონომიკაში დეგლობალიზაციის ნიშნები უკვე აშკარად შესამჩნევია.