ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტს ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების გატაცების და მოკვლის ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის. დეკანოიძის განმარტებით, ხელისუფლებას ამ კუთხით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ ადასტურებენ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობას.