უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. მათივე ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზთან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის 95 დაპირისპირება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ძლიერი კუპიანსკის მიმართულებით იყო, სადაც უკრაინის დამცვეელბმა 11 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის განცხადებით, მტერი რამდენიმე კვირაა მაქსიმალურად ცდილობს ავდიივკას ალყაში მოქცევასა და დაკავებას, თუმცა უკრაინული ძალები დასახლების დაცვას აგრძელებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 900-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, რის შედეგადაც ომში რუსეთის დანაკარგებმა 338 100-ს გადააჭარბა.