დიდმა ბრიტანეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო, - ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ ტერორისტული აქტები ჩაიდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი“, - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.
ვუდვორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულია და მხარს უჭერს ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს“, - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.