საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა.
„ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.