რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ! - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ.
„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!
საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.
მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ!“ - განაცხადა სააკაშვილმა.