აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის დაფინანსებული პროექტები აიკრძალა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებას კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა.
ე.წ. საგარეო მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების საჭიროება ნაკარნახევია „გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით“.
არძინბა განმარტავს, რომ USAID-ს აფხაზეთში უნდა განეხორციელებინა პროექტ, რომლის ბიუჯეტი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა და ე.წ. სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა ის „პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს" შეიცავდა.
„ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის”, – განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, „ბუნდოვანი მიზნები და ამოცანები“ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას - „სოციალური პირობების შექმნას აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის“, ასევე ეხება USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიას, აფხაზეთი ამ დოკუმენტში ითვლება „ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“, და ყველა ქმედება მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.
„აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: USAID-ის რეგიონალური დირექტორი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, იკრძალება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაამტკიცებს ბუნდოვან და არაზუსტ ინფორმაციას, რომელიც სრულად არ ასახავს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს“, - განმარტავს არძინბა.