ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობისას ყველაზე ცუდი პარტნიორი რუსეთია, ყველაზე კარგი კი საქართველო. ბოსტნეულით ვაჭრობის მიმართულებით არსებული პერიოდული შეზღუდვების გამო, east fruit-მა გადაწყვიტა, მოემზადებინა ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული კვლევა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. მათივე ცნობით, რეიტინგი რისკების გაანალიზებაში დაეხმარება იმ ფერმერებსა თუ ინვესტორებს, რომლებიც გაფართოებას, ინვესტირებას, ან უბრალოდ, ბაზრების დივერსიფიცირებას გეგმავენ. რეიტინგის შესადგენად გამოიყენეს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: სხვა ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვა, იმპორტის გადასახადი, არასატარიფო შეზღუდვები, საბაჟოზე კორუფციის დონე, ექსპორტის მიმართულებით აკრძალვები და სხვა. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შედის მხოლოდ ის ქვეყნები, რომლის შიდა ბაზრებზე East fruit-ის მკვლევარებს ხელი მიუწვდებათ. კერძოდ, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, ბელარუსი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. შედეგების მიხედვით, ერთხმად აღიარებულია, რომ რუსეთი ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორია. როგორც გამოცემა წერს, ეს გასაკვირი არც არის, რადგან რეგიონში ქვეყანა არ დარჩენილა, რომლის მიმართაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, რუსეთს აკრძალვები და ემბარგო პოლიტიკური მიზეზით არ გამოუყენებია. ამასთან, ქვეყანას აქვს მაღალი საბაჟო გადასახადები, კორუფციის ტრადიციულად მაღალი დონე და არასატარიფო შეზღუდვების დიდი ჩამონათვალი. ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე 4 ქვეყანა განიხილებოდა: პოლონეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და ბელარუსი. თუმცა, მცირედი სხვაობით, პოლონეთი დაწინაურდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი კი კორუფციის მაღალი დონე და ევროკავშირის კანონმდებლობის იგნორირება აღმოჩნდა. კერძოდ, პოლონეთმა არაერთხელ დაუწესა უკრაინას აკრძალვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე, ყოველგვარი განმარტების გარეშე. აქვე ნათქვამია, რომ პოლონეთი უკანონოდ ბლოკავს უკრაინასთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს, რითაც უკრაინას მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის. ამ რეიტინგში საქართველო ყველაზე კარგ სავაჭრო პარტნიორადაა მიჩნეული. როგორც გამოცემა წერს, აქ ვაჭრობის სრული ლიბერალიზაციაა, ამასთან, არის დაბალი გადასახადები. იმპორტ/ექსპორტზე აკრძალვების და კორუფციის დაბალი დონე, რაც მას კარგ სავაჭრო პარტნიორად აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარი მცირე ზომისაა.