ნაპოლეონმა, რომელიც უძლიერესი მოჭადრაკე იყო და ბრწყინვალედ ფლობდა მათემატიკას, რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ამოცანას კი, საკუთარი სახელი უწოდა. ამასთანავე, იმპერატორს, რომელსაც ძალიან უყვარდა პროზა და პოეზია, მწერლობის სერიოზული ამბიციაც ჰქონდა.
ისტორიკოსების მტკიცებით, ერთი შეხედვით სასტიკი და უმოწყალო მმართველის ნიღბით ნაპოლეონი საოცრად რბილ და მგრძნობიარე რომანტიკოსს მალავდა, რასაც მისი სენტიმენტალური წერილები და რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი რომანიც ადასტურებს. 1795 წელს დაწერილი ‘’კლისონი და ევგენია’’, რომელიც მხოლოდ 17 გვერდს შეადგენს ერთგვარი სენტიმენტალური თვითმითოლოგიზაციის ნიმუშია, რომელიც თანამედროვე ფილოლოგების შეფასებით საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია, თუმცა დამუშავებას მაინც საჭიროებს.
გარდა ამისა, ბონაპარტე რამდენიმე ათეული მოთხრობისა და ნოველის ავტორია, რომლებიც მოგვიანებით 17-ტომიან კრებულში გაერთიანდა. მეტიც, ამბობენ თითქოს ბრძანებებს და დავალებებს ოფიცრებისთვის ნაპოლეონი პოემის ფორმით გასცემდა, მისი პოლიტიკური პამფლეტები კი, ყოველთვის განსაკუთრებული მოწონებით და პოპულარობით სარგებლობდნენ არმიაში.
* ჟოზეფინა -
ნაპოლეონის პირველი მეუღლე - ჟოზეფინა, რომელიც მანამდე ალექსანდრ დე ბოგარნეს ცოლი იყო, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. დიდი ფრანგული რევოლუციის ფონზე, 1793 წელს ‘’დიდ ტერორად’’ წოდებული დევნის პერიოდში, როცა ადამიანების სიკვდილით დასჯამ მასიური ხასიათი შეიძინა, არისტოკრატი დე ბოგარნე ჯერ შერისხულთა ნუსხაში მოხვდა, მერე გილიოტინაზე აღმოჩნდა. იგივე ბედი ელოდა ჟოზეფინას, თუმცა განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავად ‘’ტერორის’’ შემოქმედს, ფრანგ რევოლუციონერს მაქსიმილიან რობესპიერს მოკვეთეს თავი გილიოტინაზე.
სიკვდილს გადარჩენილმა ჟოზეფინამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა საფრანგეთის ელიტაში, 1795 წელს კი, ნაპოლეონი გაიცნო ერთ-ერთ წვეულებაზე. 32 წლის ჟოზეფინამ სწრაფად მოხიბლა მორცხვი ბონაპარტე, რომელიც 6 წლით უმცროსი იყო მასზე და საერთოდ არ ჰქონდა ქალბატონებთან ურთიერთობის გამოცდილება. წყვილის ქორწინება 6 თვის შემდეგ შედგა, ჟოზეფინამ 4 წლით მოიკლო ასაკი, ნაპოლეონმა კი, პირიქით, 18 თვით მოიმატა, ამიტომ ქორწინების მოწმობაში მეუღლეები პრაქტიკულად ტოლებად დაფიქსირდნენ.
* კატები -
უცნაურია, მაგრამ უშიშარ და ძლევამოსილ ნაპოლეონს პანიკურად ეშინოდა კატების. სხვათა შორის, აილუროფობიით ანუ კატების შიშით ისეთი ისტორიული გიგანტებიც იტანჯებოდნენ, როგორებიც ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ბენიტო მუსილინი და ადოლფ ჰიტლერი იყვნენ. მართალია, მონაცემების სიმცირის გამო, ისტორიკოსები ვერ ადასტურებენ გავრცელებულ ვერსიას, მაგრამ არც უარყოფენ და ვარაუდობენ, რომ მსგავსი ფობია ველური კატის შიშმა გამოიწვია, რომელიც ბონაპარტეს ადრეულ ბავშვობაში დაესხა თავს და გვარიანად დაკაწრა.
* დარიშხანი -
მართალია, არსებობს მოსაზრება, თითქოს ნაპოლეონი საწამლავმა იმსხვერპლა, მაგრამ სინამდვილეში, ბონაპარტე, რომელიც სწორედ მოწამვლას უფრთხოდა მთელი ცხოვრება, სისტემატურად იღებდა დარიშხანს მცირე დოზით, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ ასე შეძლებდა შხამის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას და არ იცოდა, რომ დარიშხანის მიღებით, რომელიც ორგანიზმში გროვდებოდა, პრაქტიკულად თვითონ იკლავდა თავს. მსგავსი დასკვნა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, როცა მეცნიერებმა დაშვებულზე 10-ჯერ მეტი დოზა აღმოაჩინეს იმპერატორის თმაში.
სიცოცხლის ბოლო წლები იმპერატორმა ევროპიდან შორს, ატლანტის ოკეანეში, აფრიკასთან ახლოს მდებარე წმინდა ელენას კუნძულზე გაატარა, სადაც 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ დარიშხანის მიღებით გამოწვეული კუჭის სიმსივნით.