* ნორა ჯონსი -
მსოფლიო აღიარება ამერიკელმა ჯაზ-ვოკალისტმა ნორა ჯონსმა 2002 წელს მოიპოვა, როცა მისი სადებიუტო ალბომი Come Away with Me გამოვიდა, სინგლი Don’t Know Why კი, პირველი ნამდვილი ჰიტი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს ჯონსმა სწორედ სადებიუტო ალბომით დაიმსახურა Billboard 200-ის ლიდერობა და ‘’გრემის’’ ხუთი პრემია.
* * *
გიტალი ნორა ჯონს შანკარი 1979 წლის 30 მარტს დაიბადა ნიუ-იორკში. მართალია, მუსიკოსი არასდროს აფიშირებს პირად ცხოვრებას, მაგრამ პრესამ მაინც შეძლო მისი ბიოგრაფიული დეტალების დადგენა. როგორც აღმოჩნდა, ჯონსი ლეგენდარული ინდოელი მუსიკოსის რავი შანკარას შვილია, თუმცა თვითონ მაქსიმალურად ერიდება ცნობილ მამაზე საუბარს, რადგან არც მისი გავლენით სურს კარიერის გაკეთება, არც მისი სახელის გამოყენებით, მით უფრო, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ საერთოდ დაივიწყა მამა, რომელსაც მისივე განცხადებით, მანამდეც ნაკლებად იცნობდა.
ნორა მხოლოდ ოთხი წლის იყო, როცა დედას, ყოფილ მოცეკვავეს სიუ ჯონსს მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი მოჰბეზრდა და ისე გადაბარგდა ტეხასში, არც უფიქრია მისი გაფრთხილება. მამას ჯონსი მხოლოდ 1997 წელს შეხვდა, მასთან ერთად გაიცნო ნახევარ და - ანუშკა შანკერიც, რომელიც ოჯახის დანარჩენი წევრების მსგავსად მუსიკით აღმოჩნდა გატაცებული.
* * *
დალასის გარეუბანში დაბინავებულმა სიუმ მედდად დაიწყო მუშაობა ადგილობრივ კლინიკაში, ნორამ კი, საშუალო სკოლაში ჩააბარა, სადაც ნაკლები გატაცებითა და ენთუზიაზმით სწავლობდა. სწორედ დალასს და ბავშვობას უკავშირდება ჯონსის პირველი მუსიკალური გატაცება, რადგან თანატოლებისგან ათვალწუნებული მთელ თავისუფალ დროს სახლში, ძველი ფირფიტების მოსმენაში ატარებდა, ‘’დედას ჩანაწერების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რეი ჩარლზთან, არეტა ფრანკლინთან, მაილს დევისთან და ბილი ჰოლიდეისთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე რეალურ ადამიანებთან’’, - გაიხსენა მოგვიანებით მუსიკოსმა, რომელსაც განსაკუთრებით ჰოლიდეის შემოქმედება და კომპოზიცია You Come To My Head ხიბლავდა.
შვილის მუსიკით გატაცება დედამაც მოიწონა, რომელმაც ხუთი წლის ნორა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გუნდს მიაბარა, ფორტეპიანოზე დაკვრა კი, შვიდი წლის ჯონსმა თვითონ მოინდომა, როცა შემთხვევით აღმოჩნდა ჯაზ-პიანისტების რეპეტიციაზე.
15 წლის ჯონსმა ხელოვნების სკოლაში Booker T Washington High School For Performing & Visual Arts ჩააბარა, სადაც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მაინც სერიოზულად შეუდგა ჯაზ-მუსიკოსის კარიერაზე ზრუნვას, მით უფრო, რომ სწორედ სკოლაში სწავლისას მიიღო პირველი სერიოზული ჯილდოები,1996 წელს სტუდენტური პრემიის Down Beat Student Music Awards-ის მფლობელი გახდა საუკეთესო ვოკალისა და ორიგინალური კომპოზიციის ავტორის ნომინაციაში, ერთი წლის შემდეგ კი, იმავე პრემიით დაჯილდოვდა საუკეთესო ვოკალისტის კატეგორიაში.
* * *
სკოლის დასრულების შემდეგ ჯონსმა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში გააგრძელა მუსიკალური განათლების მიღება, თუმცა, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა მეტად ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, რამაც დამწყებ მუსიკოსს ღამის კლუბში მუშაობა აიძულა, სადაც არა მხოლოდ ვოკალურ პარტიებს, არამედ საფორტეპიანო ნაწარმოებებსაც ბრწყინვალედ ასრულებდა.
1999 წელს ნიო-იორკში გადაბარგებული ჯონსი ჯერ ფანკ-ბენდს Wax Poetic-ს შეუერთდა, მერე კი, საკუთარი ჯგუფი შექმნა. ლეგენდის თანახმად, ბედმა ჯონსს 21-ე დაბადების დღეზე გაუღიმა, როცა საკუთარ კონცერტზე გაიცნო მუსიკალური ლეიბლის Blue Note Records-ის ხელმძღვანელი ბრიუს ლუნდვალი და სწორედ მასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაწერა სადებიუტო ალბომი Come Away with Me, რომელიც 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და არა მხოლოდ ყველა რეკორდი დაძლია, არამედ ‘’გრემის’’ ხუთი პრემიითაც დაჯილდოვდა, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულ - წლის საუკეთესო ალბომის, ჩანაწერის და აღმოჩენის ნომინაციებში.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მეორე ალბომი Feels Like Home, რომელმაც ოთხგზის პლატინის სტატუსი შეიძინა ამერიკაში და ‘’გრემის’’ სამი პრემია დაიმსახურა საუკეთესო წლის ჩანაწერის, ქალი შემსრულებლის და დუეტში შესრულებული პოპულარული მუსიკის ნომინაციებში. აღსანიშნავია, რომ ალბომის მთავარი სინგლი Here We Go Again, ჯონსმა რეი ჩარლზთან ერთად ჩაწერა.
სწრაფად მოპოვებული პოპულარობის წყალობით 2004 წელს ჯონსი ჟურნალ Time-ის ‘’წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების’’ რეიტინგში მოხვდა, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 2007 წელს მესამე ალბომი Not Too Late გამოუშვა, რომლის ჩაწერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან სწორედ მუშაობის პროცესში გარდაიცვალა ჯონსის პროდიუსერი და მეგობარი არიფ მარდინა.
მოლოდინის მიუხედავად, ნაკლებად გაამართლა 2009 წელს გამოსულმა მეოთხე ალბომმა The Fall, რომელიც მხოლოდ 1,5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მესამე პოზიციას დასჯერდა ნაციონალურ ჩარტებში.
* * *
მუსიკალური კარიერის პარალელურად ჯონსმა კინოინდუსტრიაშიც შეძლო წარმატების მიღწევა. მუსიკოსის კინოდებიუტი 2002 წელს შედგა რომანტიკულ კომედიაში ‘’სიყვარული შეტყობინებით’’, რომელშიც საკუთარი თავი განასახიერა, ორი წლის შემდეგ ჯონსი ცნობილი ტელეშოუს ‘’სეზამის ქუჩის’’ ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, თუმცა ნამდვილი აღიარება 2007 წელს მოიპოვა ცნობილი რეჟისორის ვონგ კარ-ვაის წყალობით, რომელმაც მთავარი როლი შესთავაზა დრამაში ‘’ჩემი მოცვისფერი ღამეები’’. ჯონსის განცხადებით, იმდენად დაინტერესდა ფილმის სცენარით, მთავარი პერსონაჟი - ელისაბედი კი, ისე ნაცნობი და ახლობელი აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ბუნებრივად შეიქმნა სიმღერა The Story, რომელიც ჯერ ფილმის წამყვან კომპოზიციად იქცა, მერე დამოუკიდებელ სინგლად გამოიცა.