გერმანიის მინისტრთა კაბინეტი საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას, მთავრობის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი დახარვეზდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს. საშობაო არდადეგების დაწყებამდე პარლამენტს მხოლოდ ერთი სესია დარჩა, მომდევნო წლის საბიუჯეტო კანონი კი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. კრიზისი 15 ნოემბერს დაიწყო, როდესაც გერმანიის კონსტიტუციურმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი უკანონოდ ცნო. კერძოდ კი, ახალი ვალების აღების საკითხი, რომელსაც კონსტიტუციაში 2009 წელს ანგელა მერკელის მიერ ინიცირებული „ვალების მუხრუჭის“ კანონი არეგულირებს და რომლის თანახმადაც, მთავრობას ახალი ვალის აღება მხოლოდ გარკვეული ლიმიტით შეუძლია. მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტში გადაცდომებთან დაკავშირებით სასამართლოს ოპოზიციურმა, კონსერვატიულმა პარტიამ მიმართა. ახლა ოლაფ შოლცის კაბინეტი ცდილობს, არსებულ მოკლე ვადაში კორექტირება შეიტანოს დოკუმენტში.