თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან.
„როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე გვაქვს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს ძლიერი ხმა კიდევ ერთხელ საქართველოდან მისწვდეს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერს.
ამ მიზნით, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვხვდებოდით და ვხვდებით 27-ვე სახელმწიფოს ელჩს და ვაწვდით მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში დაუჭირონ მხარი. ვინაიდან ზოგიერთი სახელმწიფო სკეპტიკურად არის განწყობილი ამ საკითხისადმი, მათ სჭირდებათ დამატებითი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაუჭირონ საქართველოს მხარი. არგუმენტებს შორის დიდი სიგნალი იქნება ძლიერი მესიჯის გაგზავნა საქართველოსგან, რომელიც მარშის სახით იგეგმება.
70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა 27-ვე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენ ელჩებს დღესაც ვხვდებით, მანამდეც შევხვდით და მომავალშიც შევხვდებით. შევეცდებით, რომ მანამ, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაიმართება, ყველა მათგანს ჰქონდეს ჩვენი წერილი“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.
„მარში თავდაპირველად მსვლელობის სახით გაიმართება. დაიწყება 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან, მსვლელობას გავაგრძელებთ რუსთაველის გავლით და გადავალთ ევროპის მოედანზე, სადაც გაიშლება მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა, რომელიც ახლა იკერება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში.
მარშში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მთავარია ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდეს მხარს“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.