ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია. თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებზე მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. ასევე, შეძლეს კონტროლის დამყარება ისეთ სამხედრო პუნქტებზე, საიდანაც ისრაელეზე თავდასხმები ხდებოდა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის ავიაერიშების შედეგად ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 15 800-ს მიაღწია, მათ შორის 6 000-მდე ბავშვია. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალები ამ მეთოდს, რადგან ღაზაში ჯერ კიდევ რჩებიან ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლები. ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ოფიციალური ბერლინი მიიჩნევს, რომ ისრაელს უფლება აქვს ქვეყნის წინაშე წარმოქმნილი საფრთხეებისგან თავი დაიცვას და „ჰამასი“ გაანადგუროს.