იმპორტირებული კარტოფილის წილი ქვეყანაში ექვსჯერ გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ხშირად აღნიშნავენ, მათ შორის ჩვენს გადაცემაში სტუმრობისას, რომ ქვეყანაში იმპორტირებული კარტოფილის წილი იზრდება, ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი კი იკლებს. არადა ჩვენს ქვეყანას ამ ბაღჩეული კულტურის წარმოების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ადგილობრივად წარმოებული ეს კულტურა, როგორც გემოვნური ისე ხარისხობრივი მაჩვენებლებით ბევრად უკეთესია, ვიდრე იმპორტირებული პროდუქტი. როგორც აღმოჩმდა, მიმდიანარე წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილის იმპორტი თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი კი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23 301 ტონა. ამასთან, მიმდიანრე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სხვა ქვეყნებიდან 22 550 ტონა პროდუქტი შემოიტანა, გასული წლის 10 თვეში კი მხოლოდ 3 820 ტონა. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საქართველოს 1 კგ კარტოფილის იმპორტი კილოგრამზე საშუალოდ, 33 ცენტი დაუჯდა, 1 კგ პროდუქტის ექსპორტიდან კი საშუალოდ 27 ცენტი მიიღო. საინტერესოა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის კარტოფილი და სად გაგვაქვს. როგორც აღმოჩნდა, ქართული კარტოფილი ძირითადად გადის აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში, ხოლო იმპორტირებული კარტოფილი, რომელიც საქართველოში მაღაზიისა და სხვა სავაჭრო დანიშნულების ობიექტებზე იყიდება, შემოდის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი და ეგვიპტე.