ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. დასავლური მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში, „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას განიხილავენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამ მიზნით ისრაელის თავდაცვის ძალებმა სატუმბი სისტემა უკვე დაამონტაჟა. ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა ისრაელის ჯარი ამ მეთოდს, რადგან ღაზაში კვლავ რჩებიან ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლები. ისრაელის ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისთან იმყოფებიან. სამშვიდობო ზავის ამოწურვის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო მოქმედებები ღაზას სამხრეთ ნაწილშიც გააგრძელა. ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი მიზანია „ჰამასის“ ბოლომდე განადგურება. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ხან-იუნისის საავადმყოფოებში „ქაოტური“ ვითარებაა და პაციენტები შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება. გარდა ამისა, ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63-ი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 4 ლიბანელი ჟურნალისტია.