2023 წლის Golden Boy ჯუდ ბელინგემი გახდა
ევროპული ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნას", იგივე “Golden Boy-ს“ პრიზი მადრიდის რეალის 20 წლის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა მოიგო. აღნიშნული პრიზის დაჯილდოება იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ Golden Boy-ს ჯილდოს ინგლისელი ფეხბურთელი მიიღებდა, თუმცა გუშინ, 4 დეკემბერს, მას აღნიშნული პრიზი ოფიციალურად გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე ბელინგემმა თქვა, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო თავდადებაა. ბელინგემის თქმით, ის გახარებულია, რომ მადრიდის რეალის ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი „რეალში“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელსა და ესპანურ გრანდს შორის 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. სხვადასხვა ბონუსის ჩათვლით, მადრიდელებს ინგლისელის ტრანსფერი 134 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია.
ასევე ცნობისთვის, Golden Boy-ს პრიზი იტალიურმა გაზეთმა, Tuttosport-მა 2003 წელს შექმნა. გამოკითხვაში მონაწილეობას სხვადასხვა გამოცემა იღებს, მათ შორის არიან გერმანული Bild, ფრანგული l'Équipe და France Football, ასევე ესპანური Marca, ნიდერლანდური De Telegraaf და ბრიტანული The Times. დღემდე აღნიშნული ჯილდო 21-თ ფეხბურთელს გადაეცა და მისი ლაურეატები სხვადასხვა წლებში ლიონელ მესი, უეინ რუნი, სესკ ფაბრეგასი, კილიან მბაპე და ერლინ ჰაალანდი იყვნენ. წელს კი ამ ლეგენდარულ ფეხბურთელთა სიას უკვე ჯუდ ბელინგემიც შეუერთდა.