აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები პროგრესს აღწევენ და ეს პროგრესი არ წყდება.
„უკრაინაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. უკრაინული ძალები ებრძვიან კარგად გამაგრებულ რუს სამხედროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პროგრესს აღწევენ. პროგრესი რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გრძელდება. როდესაც გასულ კვირას ვიყავით ბრიუსელში, ამ საკითხზე პირდაპირ ვესაუბრეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მან უკრაინის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი სწრაფად არ იმოქმედებს, რესურსები ამოიწურება.
„ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებული ვართ, რომ დაფინანსების დონე იწურება. ვფიქრობთ, რომ 97 პროცენტზე მეტი ამოწურულია. ასე რომ, ძალიან შეშფოთებულები ვართ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მდივანი უერთდება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს და მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს“, - აღნიშნა მილერმა.