ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისთან იმყოფებიან. სამშვიდობო ზავის ამოწურვის შემდეგ ისრაელმა სამხედრო მოქმედებები ღაზას სამხრეთ რეგიონშიც გააგრძელა. ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი მიზანია „ჰამასის“ განადგურება. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ხან-იუნისის საავადმყოფოებში „ქაოტური“ ვითარებაა და პაციენტები სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდებათ. გაერო კი ისრაელს მოუწოდებს, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, რადგან კონფლიქტმა, შესაძლოა, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და მათი იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს.