ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა. „როიტერსის“ ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ სუმატრაზე მოხდა. სამაშველო სამსახურების ცნობით, ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად ნაპოვნია 11 მთამსვლელის ცხედარი და სამი გადარჩენილი, კიდევ 12 დაკარგულის ძებნა კი უსაფრთხოების მიზეზებით დროებით შეჩერებულია. ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. ვულკანი ჰაერში ფერფლს სამი კილომეტრის სიმაღლეზე აფრქვევდა.