თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი - ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს რეკომენდაციების შესრულების ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა.
„9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაწერილია ნაბიჯები, მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ცვლილება პარტიების დაფინანსების საკითხში, რომელიც ევროკომისიასთანაც არის შეთანხმებული. მგონი, ყველა შეთანხმდა, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პრეროგატივაა ამ რეკომენდაციების შესრულება, მუშაობა და ევროკომისიასთან კოორდინირება. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია მოწვეულია, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში. თუ ვინმეს სურს დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით, ზუსტად ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ 9 რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს ამ ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.