კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღაზის სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, კატარის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს ძალისხმევას, რომლის მიზანი რეგიონში მშვიდობის აღდგენაა. მისი თქმით, ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელება ართულებს შუამავლობის მცდელობებს და აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს.
ამასთან, ენტონი ბლინკენთან საუბარში, კატარის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობას, რათა მიმდინარე კონფლიქტით დაზარალებული პალესტინელებისთვის შესაძლებელი გახდეს დახმარების უსაფრთხოდ მიწოდება.