ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ სახმელეთო შეტევა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. ისრაელის შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურები და ამავე ორგანიზაციის არაერთი წევრი გაანადგურეს. ამავდროულად, ისრაელი, ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტის დეესკალაციის საჭიროებაზე საუბრობენ. კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღაზას სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის საჭიროებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზას სექტორის დაბომბვის გაგრძელება შუამავლობის მცდელობებს ართულებს და ასევე ჰუმანიტარულ კრიზისს აუარესებს.