პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ - იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ, - აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული. ამავე პროექტით, მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი. როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 4 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება.