7 დღიანი დროებითი ზავის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასთან“ საბრძოლო მოქმედებები განაახლა. მიზეზი „ჰამასის“ მიერ ოპერატიული პაუზის დარღვევა გახდა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასი“მძევლების გათავისუფლებას არ დათანხმდა, რითაც ზავის პირობები დაარღვია. ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, „ჰამასის“ ტერორისტულმა არმიამ ღაზის სექტორიდან ისრაელის თემების მიმართულებით სარაკეტო სროლა დაიწყო. მისივე თქმით, ამჟამად „ჰამასის“ ტყვეობაში 137 ადამიანი რჩება. ისრაელი მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზის სამხრეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. BBC-ის ცნობით, „ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ღაზაში 109 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, შექმნილი ვითარების გამო, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც შეწყდა.