ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვადა ამოეწურა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზას სექტორში „ჰამასთან“ საბრძოლო ქმედებები გაახლდა. მიზეზი კი „ჰამასის“ მიერ სამშვიდობო პაუზის დარღვევა გახდა. ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასი“ მძევალთა გათავისუფლებას არ დათანხმდა, რითაც ზავის პირობები დაარღვია. ბრძოლის განახლების მიუხედავად, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლებზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ისრაელი, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ ვიდრე მოლაპარაკებები მძევლების სხვა ჯგუფებზეც გადავა, "ჰამასმა" ქალები და ბავშვები გაათავისუფლოს. ამავდროულად, „ჰამასი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამხედრო აგრესიის დამთავრების მიზნით, „ჰამასის“ ხელმძღვანელობა სხვა მხარეებთან თანამშრომლობდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მეტი ძალისხმევის გასაწევად მზად არ იყო.