* დაიანა როსი -
ამერიკელ მომღერალს დაინა როსს მართლაც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, რადგან ერთნაირი წარმატებით საქმიანობდა როგორც მუსიკალურ, ისე კინოინდუსტრიაში. განსაკუთრებული პოპულარობა როსმა 1980-იან წლებში მოიპოვა, როცა ორი ‘’ოქროს გლობუსი’’ დაიმსახურა და ყველაზე ცნობილი კომპოზიციები ჩაწერა. საერთო ჯამში მუსიკოსმა 57 ალბომი გამოუშვა და 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მისი ჰიტები კი, წამყვანი პოზიციებით დაწინაურდნენ მსოფლიო ჩარტებში.
* The Supremes -
დაიან ერნესტინ ერლ როსი 1944 წლის 26 მარტს დაიბადა დეტროიტში. ბავშვობიდან მუსიკით გატაცებული დაინა, ჯერ საეკლესიო გუნდში მღეროდა, მერე მეგობრებთან ერთად შექმნა კვარტეტი The Primettes, რომელმაც მოგვიანებით The Supremes სახელი შეიძინა და 1960-იანი წლების ყველაზე წარმატებული კოლექტივი გახდა. დაიანა მთელი 11 წელი მუშაობდა ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც წევრების მუდმივი როტაციის მიუხედავად მაინც შეინარჩუნა პოპულარობა. როსოს ვოკალით აღფრთოვანებული კრიტიკოსები მეტწილად მის მდიდარ მეცო-სოპრანოს, ტემპერამენტს და წარმოუდგენელ ენერგიას აღნიშნავდნენ, რადგან ყოველთვის შეეძლო პუბლიკისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა.
The Supremes შემადგენლობაში როსმა 25 სტუდიური, საკონცერტო ალბომი ჩაწერა და 12 ჰიტი გამოუშვა, კომპოზიციების Where Did Our Love Go, Baby Love და Stop! In the Name of Love ჩათვლით, 1970-იანი წლების დასაწყისში კი, დამოუკიდებლად შეუდგა კარიერაზე ზრუნვას. წარმატებული აღმოჩნდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Diana Ross, რომელმაც პირველ რიგში ჰიტად ქცეული კომპოზიციის Ain’t No Mountain High Enough-ის წყალობით მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა.
* კინო -
1972 წელს როსის კინოდებიუტი შედგა. მუსიკოსმა მთავარ როლი შეასრულა მუსიკალურ ბიოგრაფიულ დრამაში ‘’ლედი ბლუზს მღერის’’ და ბრწყინვალედ განასახიერა ლეგენდარული მომღერალი ბილი ჰოლიდეი, რისთვისაც ‘’ოქროს გლობუსის’’ პრემია დაიმსახურა. აღსანიშნავია ფილმის საუნდთრეკიც, რომელიც დამოუკიდებელ ალბომად Lady Sings the Blues გამოვიდა და ჯერ მუსიკალური რეიტინგების წამყვანი პოზიცია მიპოვა, მერე რეკორდული ტირაჟით - 300 ათას ეგზემპლარად გაიყიდა.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა როსის მონაწილეობა 1975 წელს გამოსულ მელოდრამაში ‘’წითელი ხე’’, რომელშიც მუსიკოსმა ახალბედა დიზაინერი განასახიერა და ბრწყინვალე დიზაინერული ნიჭი გამოავლინა, რადგან თავად გახდა კოსტიუმების ავტორი.
ფანტასტიკურ მიუზიკლში ‘’ვიზი’’, როსმა, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კინემატოგრაფიამ უფრო გაიტაცა, ვიდრე მუსიკამ, საბავშვო ბაღის აღმზრდელი განასახიერა და მაიკლ ჯექსონთან ერთად იმოგზაურა ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ სწორედ როსმა აღმოაჩინა ჯექსონის ბრწყინვალე ტალანტი და პრაქტიკულად აიძულა მუსიკალური კარიერის დაწყება, ჯექსონმა კი, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, სწორედ როსს უანდერძა მეურვეობა საკუთარ შვილებზე იმ შემთხვევაში თუ მისი დედა ვერ შეძლებდა მათ აღზრდას.
დრამაში ‘’სიბნელიდან’’ როსმა დეპრესიითა და ნერვული აშლილობით შეპყრობილი ქალი განასახიერა და მეორე ‘’ოქროს გლობუსი’’ დაიმსახურა, მიუზიკლში ‘’წარმატების ფასი’’ კი, ჯაზის მომღერლის როლი შეასრულა და ფილმის პროდიუსერობაც ითავა, თუმცა წინა ნამუშევრებისგან განსხვავებით ნაკლებად გაუმართლა, რადგან კრიტიკამ გულგრილად მიიღო რობერტ აკერმანის მუსიკალური დრამა.
* პრესტიჟული ტიტულები -
წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, როსმა არც მუსიკას უღალატა და თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები Remember Me, I’m Still Waiting, All Of My Love, Upside Down, My Old Piano, Mirror Mirror და Chain Reaction ჩაწერა, რომელთაც მსოფლიო პოპულარობასთან ერთად პრესტიჟული პრემიებიც მოიპოვეს.
მეტად სოლიდური ტიტულების მფლობელი როსი 1970 წელს წლის საუკეთესო ვოკალისტი გახდა, 1976 და 1996 წლებში კი, საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერლად დასახელდა. 1993 წელს მუსიკოსი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველა დროის საუკეთესო მომღერალი, 1993-1994 წლებში კი, ჰოლივუდის დიდების ხეივანში მიიღო ორი ვარსკვლავი.
2007 წელს BET Awards-ის ცერემონიაზე მუსიკოსი, რომლის კაპიტალმა 150 მილიონი დოლარი შეადგინა, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი, ერთი წლის შემდეგ კი, Kennedy Center Honors-ის კომიტეტმა გადასცა პრემია გართობის ინდუსტრიასა და ამერიკული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
* ავტობიოგრაფიული წიგნი -
მართალია, 1990-იან წლებში როსის პოპულარობა შემცირდა, მაგრამ მომღერალმა მაინც შეახსენა თავი პუბლიკას. 1992 წელს ბრწყინვალე ტენორებთან ხოსე კარერასთან და პლასიდო დომინგოსთან ერთად მოაწყო საღამო ვენაში, 1993 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი ‘’საიდუმლოებები’’ გამოსცა.
* პირადი ცხოვრება -
ორი ქორწინებიდან როსს ხუთი შვილი ჰყავს, რომელთაგან უფროსი ქალიშვილები რონდა სიუზანა და ტრეისი ჯოი მსახიობები არიან. როსის პირველი მეუღლე მუსიკალური პროდიუსერი, მეორე კი, ბიზნესმენი, ნორვეგიელი გემთმშენებელი იყო, რომელიც 2000 წელს, განქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა, როცა სკანდინავიის მთებში ექსპედიციით წასულს, აღჭურვილობამ უღალატა, თავი ვერ შეიკავა და მთის ქიმიდან მოწყდა.
დაიანამ მძიმედ განიცადა ყოფილი მეუღლის გარდაცვალა და მხოლოდ მემუარების წერით შეძლო მძიმე დეპრესიის დაძლევა. მუსიკოსმა ავტობიოგრაფიის მეორე ნაწილი გამოუშვა, რომელსაც ‘’თავდაყირა’’ უწოდა, მკითხველს საკუთარ განცდებზე მოუთხრო და ერთხელ კიდევ აღნიშნა, რომ ‘’ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად პოპულარული პერსონებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისევე განიცდიან მარტოობას, ტკივილს და ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც რიგით მოკვდავებს’’.