* დალაი ლამა XIV -
ტიბეტური ბუდიზმის წესების თანახმად, დალაი-ლამა ბოდჰისატვას ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატვას განასახიერებს და მხოლოდ ტიბეტელი ხალხის სამსახურისთვის მოდის მიწიერ სამყაროში. მე-17 საუკუნიდან 20 საუკუნის პირველ ნახევრამდე დალაი ლამა, რომელიც ტიბეტის დედაქალაქიდან ლჰასადან მართავდა ქვეყანას, ტიბეტის თეოკრატიულ მმართველად ითვლებოდა, ამიტომ ტიბეტელები მას სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, მიმართვისას კი ‘’მისი უწმინდესობის’’ ტიტულს იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ‘’დალაი’’ მონღოლურად ‘’ოკეანეს’’ ნიშნავს, თუმცა მონღოლი მმართველები მას ‘’დიდი’’-ს მნიშვნელობას ანიჭებდნენ და საკუთარ ტიტულად იყენებდნენ, ‘’ლამა’’ კი, სანსკრიტზე ‘’გურუს’’ ანუ ‘’მასწავლებელს’’ ნიშნავს.
დალაი-ლამას გარდაცვალების შემდეგ, ბერები მისი მომდევნო რეინკარნაციის - მცირეწლოვანი ბავშვის ძიებას იწყებენ, რომელიც იშვიათი თავისებურებებით გამოირჩევა და სრულად აკმაყოფილებს საუკუნეების მანძილზე განსაზღვრული კრიტერიუმებს. ჩვეულებრივ, მცირეწლოვანი, რომლის ძებნა რამდენიმე წელი გრძელდება, ლჰასაში მიემგზავრება, სადაც ჯერ გამოცდებს აბარებს, მერე კი, განსწავლული ბერების ხელმძღვანელობით გადის რამდენიმეწლიან სწავლებას.
* დალაი ლამა XIV –
ლჰამო ტჰონდრუბი 1935 წლის 6 ივლისს დაიბადა ტიბეტის პატარა სოფელ ტაცკერში, რომელიც დღეს ჩინეთის ტერიტორიად ითვლება. მომავალი დალაი-ლამა ღარიბი გლეხის ოჯახში გაიზარდა და მართალია, მის მშობლებს 16 შვილი ჰყავდათ, მაგრამ 9 ჩვილობაში დაიღუპა. თავად ლამას განცხადებით, ძალიან გაუმართლა, რომ ღარიბ ოჯახში დაიბადა, რადგან ფუფუნებაში გაზრდილი ვერასდროს გაიზიარებდა მასავით ღატაკი ტიბეტელების ტკივილსა და განცდას.
აღსანიშნავია, რომ ახალი წინამძღოლის შერჩევისას ბერებმა ტბაზე გაჩენილი წრეებით, სხვა მინიშნებებით იხელმძღვანელეს და იმ მიმართულებით დაიწყეს ძებნა, საითაც გარდაცვლილ ლამას ჰქონდა თავი მიტრიალებული. საჭირო სახლის მოძიების შემდეგ ბერებმა საკუთარი ვიზიტის საიდუმლოდ შენახვა არჩიეს და მასპინძლებს მხოლოდ ღამის გასათევი სთხოვეს. ამბობენ, თითქოს მცირეწლოვანი ლჰამო ბერების გამოჩენისთანავე მიხვდა, რომ მას მოაკითხეს, მერე კი, ზუსტად ამოიცნო მათ ბარგში მისი წინამორბედის - დალაი ლამას ნივთები და ჯიუტად დაიჩემა, რომ ყველა ნივთი მას ეკუთვნოდა.
* * *
თვითმხილველთა მტკიცებით ლჰამო ყოველთვის უცნაური ბავშვი იყო, რაც აშკარად მიანიშნებდა მის უნიკალურობასა და განსაკუთრებულ მისაზე. მართალია, მომავალი დალაი-ლამა სხვა ბავშვებივით ცელქობდა, ძალიან უყვარდა საქათმეში შეძრომა და ქათმებთან ერთად კრიახი, მაგრამ ასაკისთვის შეუფერებელ სერიოზულობას იჩენდა მამასთანა საუბრისას, რომელიც სწორედ მის დაბადების დღეს განიკურნა მძიმე სენისგან. ამასთანავე, ლჰამო ყოველთვის მაგიდის თავში ჯდებოდა და არავის აძლევდა უფლებას შეხებოდა მის ჭიქას.
ლჰამოს, რომელმაც დალაი ლამა XIV-დ აღიარების შემდეგ ჩჟეცუნ ჩჟამპელ ნგაგვანგ ეშე ტენცინ გიამჩხო სახელი მიიღო, ტიბეტელმა ბერებმა 2 წლის ასაკში, გამოცდის გავლის შემდეგ მიანიჭეს წინამორბედის - დალაი-ლამა XIII-ის რეინკარნაციის წარდგენის პატივი, მე-14 დალაი-ლამად ორი წლის შემდეგ, ინტრონიზაციის ცერემონიაზე აღიარეს, ბერად კი, 6 წლის ასაკში აკურთხეს.
ლჰასაში, პოტალას სასახლეში დაბინავების შემდეგ ლჰამოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მცირეწლოვანს ათობით ბერი ემსახურებოდა, მასთან საუბრის უფლება კი, მხოლოდ ყველაზე ნაკითხ და განათლებულ სასულიერო პირებს ჰქონდათ, რომელთაც მთელი ტიბეტიდან მოიყარეს თავი. დალაი-ლამამ საკმაოდ რთული საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა და 25 წლის ასაკში გეშე-ლჰარაბას უმაღლესი ხარისხი ანუ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიიღო.
ტიბეტელების რწმენით დალაი ლამა XIV, რომელსაც მეტწილად იეშე ნორბუს სახელით მოიხსენიებენ, ავალოკიტეშვარა ბოდჰისატვას 74-ე რეინკარნაციაა, რომელიც სწორედ საკუთარი რეინკარნაციით ემსახურება ტიბეტელებს და უსრულებს ნებისმიერ სურვილს.
* * *
მოზარდმა დალაი-ლამამ ავსტრიელი მთამსვლელი და მწერალი, ესესის ოფიცერი ჰენრიხ ჰერერი გაიცნო, რომელსაც სწრაფად დაუმეგობრდა. აღსანიშნავია, რომ ნაცისტი სამხედრო ჩინეთში ჰიმალაის დასალაშქრად გაემგზავრა, თუმცა ტყვედ ჩავარდნილი და ბრიტანეთის ინდოეთიდან თავდაღწეული საბოლოოდ სწორედ ტიბეტში აღმოჩნდა.
ჰერერის მეგობრობა დალაი-ლამასთან მთელი 7 წელი გაგრძელდა და მის ერთგვარ მასწავლებლად იქცა. სწორედ მან მოუთხრო მოზარდს დასავლეთის ქვეყნებზე, რომელთა შესახებ 1940-იანი წლების ტიბეტში პრაქტიკულად არავინ იცოდა. თუმცა, ლამასა და ყოფილი ესესელის მეგობრობა ჩინეთის მთავრობამ სათავისოდ გამოიყენა და ტიბეტის ლიდერებს ნაცისტებთან თანამშრომლობა დააბრალა. სხვათა შორის, მოგვიანებით დალაი-ლამამ აღიარა, რომ იმ პერიოდში საერთოდ არაფერი იცოდა ჰიტლერისა და ნაცისტების შესახებ.
1997 წელს ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ჟაკ ანომ ბიოგრაფიული დრამა ‘’შვიდი წელი ტიბეტში’’ გადაიღო, რომელიც სწორედ ჰენრიხ ჰერერისა და დალაი-ლამას მეგობრობას მიუძღვნა, თუმცა ფილმის მსოფლიო პრემიერისა და წარმატების შემდეგ ჩინელებმა ანოსთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელ ბრეტ პიტსაც სამუდამოდ აუკრძალეს ქვეყნის სტუმრობა.
* * *
დამოუკიდებლობა ტიბეტმა მე-17 საუკუნეში მოიპოვა დალაი-ლამა V-სა და ადგილობრივი სამხედრო მეთაურების წყალობით, ლამები კი, ქვეყანას თითქმის 3 საუკუნე მართავდნენ, 1949 წლამდე, ჩინელთა არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრამდე.
დალაი-ლამამ XIV-მ საერო მმართველობა 14 წლის ასაკში ჩაიბარა და მთელი 10 წელი ცდილობდა ჩინეთისა და ტიბეტის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. მეტიც, 1959 წელს, ანტიჩინური აჯანყების ჩახშობისა და ქვეყნის სრულად ოკუპირების შემდეგ, როცა ჩინელებმა ტყის უზარმაზარი მასივები გაჩეხეს, რითაც პრაქტიკულად სრულად გაანადგურეს ტიბეტელთა მეურნეობა, დალაი-ლამამ იძულებით დატოვა სამშობლო და თავი ინდოეთს, ქალაქ დჰარმასალას შეაფარა.
მართალია, დალაი-ლამა დიდხანს ოცნებობდა ტიბეტში დემოკრატიული წყობის დამყარებასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ფართო ავტონომიის მოპოვებაზე, მაგრამ მისი სურვილები ნაკლებად გაიზიარა ჩინურმა მხარემ. მეტიც, ‘’პოლიტიკურ კრიმინალად მიიჩნია ტიბეტელთა ლიდერი, რომელიც რელიგიით შენიღბული ეწეოდა წლების მანძილზე მავნებლურ საქმიანობას ჩინელების წინააღმდეგ და ქვეყნის ერთობის გასახლეჩად’’.
* * *
დალაი-ლამა, რომელმაც 2011 წელს საბოლოოდ თქვა უარი პოლიტიკაზე და მხოლოდ ტიბეტელთა სულიერი ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა, მედიტაციით, მებაღეობით, საათების შეკეთებითაა გატაცებული და მეტად მშვიდი, რუტინული ცხოვრების წესს მისდევს, მკაცრად გაწერილი რეჟიმით - ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, 03:30 საათზე იღვიძებს, ხანგრძლივი მედიტაციის შემდეგ კი, სახლის ეზოში სეირნობს, მანტრებს კითხულობს და ისევ მედიტაციას უბრუნდება. დილის 6 საათზე ლამა საუზმობს და ‘’ამერიკის ხმას’’ უსმენს ტიბეტურ ენაზე, მერე კი, ისევ მედიტირებს, სწავლობს ბუდისტური ფილოსოფიის ნაშრომებს და ეცნობა პრესას.
* * *
საოცრად ცნობისმოყვარე და განათლებული დალაი-ლამა, რომელიც არასდროს აღნიშნავს საკუთარ დაბადების დღეს, რადგან მსგავსი დღესასწაულების მოწყობა დროის ფუჭად ხარჯვად მიაჩნია, აქტიურად ინტერესდება მეცნიერების სხვადასხვა დარგით და განსაკუთრებით ნეიროფიზიოლოგიით, რომელიც ადამიანის ტვინის მუშაობას სწავლობს.
ლამა ინტენსიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, რომელთაც ყოველთვის ბუდიზმის კონტექსტში განიხილავს, ‘’თუ მეცნიერება დაამტკიცებს, რომ ბუდიზმი ცდება, მაშინ ჩვენ უნდა ვცადოთ მისი შეცვლა. ვფიქრობ, მეცნიერებამ და ბუდიზმმა ერთად უნდა მოიძიონ ჭეშმარიტება’’, - აღნიშნა ბუდისტმა ლიდერმა, რომლის აზრით, აუცილებელია მსოფლიო რელიგიებს შორის ჰარმონიული კავშირის დამყარება და კონფესიათაშორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.
* * *
მართალია, დალაი-ლამასთან უამრავი ცნობილი პერსონა მეგობრობს, პოპულარული ჰოლივუდელების ჩათვლით, მაგრამ პოლიტიკოსები, ვისაც ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა, მაქსიმალურად ერიდებოდა მასთან შეხვედრას. პირველი ვინც, არაფრად ჩააგდო ჩინეთის სურვილები, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აღმოჩნდა, რომელიც ოფიციალურად შეხვდა ლამას და აღიარა მისი დევნილის სტატუსი.
* * *
1987 წელს დალაი-ლამამ ახალი და სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც ‘’მშვიდობის ზონა’’ უწოდა. საკუთარი პროგრამით ტიბეტელთა ლიდერი ‘’სრულად დემილიტარიზებული არაძალადობრივი ზონის’’ გაფართოების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი ჩანაფიქრით ტიბეტში დაიწყებოდა და მთელ მსოფლიოში გაგრძელდებოდა.
დალაი-ლამას იდეა ტიბეტის ნებისმიერი ტიპის იარაღისგან გათავისუფლებას და იმ სამოთხის შექმნას გულისხმობდა, სადაც ადამიანი სრულ ჰარმონიაში იქნებოდა ბუნებასთან. სწორედ ამგვარი ნოვატორული იდეის წყალობით მიიღო 1989 წელს ლამამ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ნობელის კომიტეტმა ჯეროვნად შეაფასა მისი მშვიდობიანი ბრძოლა ტიბეტის გათავისუფლებისთვის, რომელიც მან ჩინეთის ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას დაუპირისპირა.