ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალის პლენარული სესია დაიწყო. მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. რუსული მედიის ინფორმაციით, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განუცხადა, რის გამოც სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა. მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ეუთო-ს მინისტერიალის შეხვედრის წინ გამართულ ვახშამზე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა და მას სკოპიეს მიერ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, მართალია სერგეი ლავროვი სანქცირებულია, მაგრამ სანქციების შემთხვევაშიც კი ხდება დაშვებები ისეთ მასშტაბურ ფორმატებთან მიმართებაში, როგორიც ეუთოს მინისტერიალია. სტანო განმარტავს, რომ ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ეუთომ შეძლოს და დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა და ტყუილებს.