„ჰამასი“ ისრაელთან ზავის კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ინიციატივის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა. მათი თქმით, ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, მოძრაობა ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას შეძლებს. არსებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ისრაელელი ბავშვები და ის ქალები უნდა გაათავისუფლოს, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებში არ მსახურობდნენ. ამ დრომდე, ღაზაში მძევლად ცხრა ბავშვი რჩება, ყველაზე პატარა ათი თვისაა. ისრაელმა უკვე მიიღო მძევლების სია, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს მოგვიანებით გაათავისუფლებს. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე მუშაობას აგრძელებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, ყველაფერს აკეთებენ.