ფეხბურთი | ანჩელოტი: „მათ კვარაცხელია და ოსიმენი ჰყავთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება. მატჩის წინ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და გუნდის მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. არცერთ მათგან არ დაუმალავს სიმპათია კვარაცხელიას მიმართ და აღნიშნეს, რომ ის მოახლოებულ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იქნება.
"გვინდა, საუკეთესოდ ვითამაშოთ, რათა ჯგუფში პირველი ადგილი ხვალვე გავინაღდოთ. ტრავმებზე საუბარს აზრი არ აქვს, ვფიქრობ, ეს უპატივცემულობაცაა იმ ფეხბურთელების მიმართ, ვინც ტრავმირებულ მოთამაშეებს ცვლიან. ჩვენი შემადგენლობა ისედაც ძლიერია. ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი მაძარი გამოცდილი მწვრთნელია, რომელთანაც ვმეგობრობ. მწვრთნელის შეცვლას გუნდში დამატებითი მოტივაცია მოაქვს. ნაპოლიში კარგი დრო გავატარე და შურისძიება არ მსურს""პირველი მატჩი თანაბარი იყო, ზოგჯერ ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, ზოგჯერ - ისინი. ხვალაც მსგავსი თამაში იქნება, ბურთი ხან ჩვენ გვექნება, ხან - მათ. ნაპოლი, რომელსაც ოსიმენისა და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები ჰყავს სახიფათოა კონტრშეტევებზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტს კვარაცხელიას შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Sky Sport-ის ეთერშიც ჰკითხეს, სადაც მან ამ ფეხბურთელის მიმართ სიმპათი არ დამალა: „კვარაცხელია ერთი ერთზე თამაშში დიდებულია, ოსიმენი კი სრულყოფილი თავდამსხმელია, თავით თამაშში ძალიან ძლიერია. პირველ მატჩში ყველაფერი გავითვალისწინეთ და ხვალაც ვეცდებით, რომ იგივე გავაკეთოთ"
რაც შეეხება დანი კარვალხალს, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრია განაცხადა, რომ მათ კვარაცხელიას სახით ძლიერი შემტევის შეჩერება მოუწევთ: „. ნაპოლის წინააღმდეგ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშო, რადგან ჩემს წინააღმდეგ კვარაცხელიას სახით მართლაც ძლიერი შემტევი გარემარბი ითამაშებს. არ არის დადებითი ის ფაქტი, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ბიჭები, რომლებმაც აქამდე ნაკლები წუთები ითამაშეს, მზად იქნებიან და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. ბევრ ფეხბურთელს არ მოსწონს გადატვირთული კალენდარი, მაგრამ დღეს ასეთი სიტუაციაა. ნაპოლი მსოფლიო დონის გუნდია, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს და ფეხბურთელები უფრო მოტივირებული იქნებიან. ველით, რომ მეტოქე მოსაგებად ითამაშებს"
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში გამოდიან, სადაც მადრიდელები უდანაკარგოთ 12 ქულით პირველ ადგილს იკავებენ, ხოლო ნეაპოლიტანელებს 7 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზე არიან და „ბრაგას“ 4 ქულით უსწრებენ.