დროებითი ზავის ფარგლებში ჰამასმა" კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელელი და უცხოეთის 2 მოქალაქეა. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლები „წითელ ჯვარს” გადასცა, რომელიც მათ ისრაელში ჩაიყვანს. პარალელურად, ისრაელის პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ, ზავის პირობების გათვალისწინებით, 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა. განცხადების თანახმად, გათავისუფლებულებს შორის მამაკაცები და ქალები არიან. ამასთან, მედიის ინფორმაციით, კატარში გამართული დისკუსიების დროს, ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის ოფიციალური პირები, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული პაუზის გახანგრძლივებისათვის მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც „სიენენის“ წყაროს განცხადებით, მხარეებს ღაზის სექტორიდან, რაც შეიძლება მეტი მძევლის გამოყვანა სურთ. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, პაუზა კიდევ 24 საათით გახანგრძლივდეს.