ფეხბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგთან და თურქეთთან მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. 1 დეკემბერს, ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი თბილისში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. 5 დეკემბერს, წლის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაეხმარებიან.
"ლუქსემბურგის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო ჩვენი გუნდისთვის ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისით ვხვდებით. ტრავმის გამო ჩვენი კაპიტანი, ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაგვეხმარებიან. მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ლიეტუვასთან ბოლო მატჩი კარგად არ ჩაგვიტარებია. მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაგვაკლდა კონცენტრაცია. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ეს შეიცვლება". ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)