საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული კარლსრუეს ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, ბუნდელიგა 2-ის ბოლო ტურში სათადარიგოთა სკამიდან 81-ე წუთზე ჩაერთო და არასრულ 10 წუთში დუბლის შესრულება შეძლო. ქართველმა ფორვარდმა მატჩის დასრულების შემდეგ გერმანულ KA-NEWS-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძირითადში თამაში სურს და აღარ უნდა გუნდში „ჯოკრის“ ფუნქციას ასრულებდეს.
"ნამდვილად აღარ მინდა, რომ გუნდში მხოლოდ ჯოკერის ფუნქციებს ვასრულებდე. მსურს, თავიდანვე ვითამაშო, რადგანაც ვიცი, რა შემიძლია. ნიურნბერგთან მატჩმა ნამდვილად გამახარა. გოლის გატანით გამოწვეული ემოციები ხომ ლამის დავიწყებული მქონდა. მუშაობას ვაგრძელებ, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო. ეს წუთებიც, რომელიც ბოლო მატჩში მივიღე, ამისთვის გამოვიყენე. ძალიან მინდა, იმ თამაშებში, რომლებიც ზამთრის პაუზამდე დაგვრჩა, ძირითად თერთმეტეულში ვიყო", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
ქართველი ფორვარდის კომენტარს გამოეხმაურა კარლსრუეს მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი, რომლის განცადებითაც შემდეგ შეხვედრაში გამორიცხული არაფერია: „"ჩემპიონატი მთელი კვირის განმავლობაში მიდის და არა მხოლოდ კვირა დღეს. უდავოა, რომ ნიურნბერგთან დუბლი ზივზივაძეს დამატებით იმპულსს შესძენს და შესაძლოა, მართლაც მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის მომდევნო თამაშებს პირველივე წუთებიდან დაიწყებს".
შეგახსენებთ, რომ კარლსრუეს მე-2 ბუნდესლიგაში საქმე არც თუ ისე კარგად მისდის, ბუდუ ზივზივაძის გუნდმა 14 ტურში მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო და 16 ქულით მე-14 ადგილზეა. ქართველმა ფორვარდმა 14 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშა სასტარტო შემადგნელობაში. მის ანგარიშზე კი სულ 3 გოლია.