ისრაელ-ჰამასს შორის მიღწეული დროებითი ზავის ვადა იწურება. მედიის ინფორმაციით, ზავის ბოლო დღეს ღაზადან კიდევ 11 მძევლის გათავისუფლება იგეგმება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ 11-ტ კაციანი სია უკვე მიიღო და იმ მძევლების ვინაობა, რომლებიც "ჰამასის" ტყვეობიდან სავარაუდოდ დღეს გათავისუფლდებიან მათთვის ცნობილია. ისრაელი აცხადებს, რომ დროებითი ზავის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ისრაელი მზადყოფნას გამოთქვამს, გაახანგრძლივოს ზავი ღაზაში მყოფი კიდევ 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ღაზაში 184 ადამიანია დატყვევებული. ჰამასი კი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ყოველი 10 პატიმრის გათავისუფლებისთვის ზავი თითო დღით გახანგრძლივდება. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებისათვის საერთაშორისო ლიდერები აქტიურად მუშაობენ. ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობენ.