ღვინო და გასტრონომია, ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურა და ხელოვნება, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმი, საქორწინო ტურიზმი - ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რომლითაც უწყება ქვეყანაში სხვადასხვა სტრატეგიული ბაზრებიდან ჩვენს ქვეყანაში დამსვენებლის მოზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დარგისთვის წარდგენილ ტურიზმის მიმოხილვასა და გეგმებშია გაწერილი. სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინისა და გასტრონომიის მიმართულებით გასტრონომიულ ონლაინ პლატფორმა Sorted Food-ზე სამ 15-წუთიანი ვიდეოების განთავსებას გეგმავს, რომელიც ქართულ გასტრონომიას ეხება. ასევე დაგეგმილია სატელევიზიო დოკუმენტური გადაცემის სხვადასხვა მსოფლიო სატელევიზიო პლატფორმებზე გაშვება და მსოფლიოში ცნობილ შეფმზარეულთან თანამშრომლობა. გეგმაშია ასევე ინფლუენსერების აქტივაციის პროექტი, ციფრული მედია მარკეტინგი და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, რომელთა რაოდენობა 18-ია. აქედან ახალი თემატური გამოფენები აშშ-ში ნიუ-იორკში, გერმანიაში ბერლინშსა და დიდ ბრიტანეთში. გარკვეული აქტივობებია გაწერილი საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვისაც.