პრივატიზაცია გეგმას ჩამორჩება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 თვეში 103.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის - 200 მილიონი ლარის მხოლოდ 51.8%-ია. შესაბამისად, წლის ბოლო ორ თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 96.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე გასვლა ვერ მოხდება. რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, გადასახადების შესრულება 10 თვეში 13.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის 83%-ია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ყველაზე მეტი თანხა დღგ-დან შევიდა, შემდეგ ადგილზეა საშემოსავლო და აქციზის გადასახადები.