პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ პაციენტი, კორონავირუსის დიაგნოზით, 2021 წლის 11 აგვისტოს, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა კი არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მართვის პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. აღნიშნულის გამო, ახალგაზრდა პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა. პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება გრძელდება.